ცხელი ხაზი:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

„სოფლის მხარდაჭერის პროგრამის" ფარგლებში შეხვედრები დაიწყო

7 თებერვალი, 2020

ახალციხის მუნიციპალიტეტის დასახლებებში, საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან, „სოფლის მხარდაჭერის პროგრამით“ დასაფინანსებელი პროექტების შერჩევის მიზნით მოსახლეობასთან საკონსულტაციო შეხვედრები დაიწყო.

6 თებერვალს, დასახლებების საერთო კრებები და კონსულტაციები გაიმართა ფერსისა და კლდის ადმინისტრაციულ ერთეულებში შემავალ სოფლებში.

შეხვედრებს მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე რუბენ კარაპეტიანი, საკრებულოს თავმჯდომარე გელა ნოზაძე, ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლები და დეპუტატები ესწრებოდნენ, რომლებმაც პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელ ძირითად პრიორიტეტებზე ისაუბრეს.

საერთო კრებებზე მოსახლეობის მიერ წარმოდგენილ საპროექტო წინადადებებს ეყარა კენჭი, ხმათა უმრავლესობით თითოეულ დასახლებაში შემდეგი პრიორიტეტები გამოვლინდა:
 ფერსა - სასმელი წყლის სისტემის რეაბილიტაცია
 მუგარეთი - შიდა გზების რეაბილიტაცია და სანიაღვრე არხების მოწყობა
 გიორგიწმინდა - სასმელი წყლის სისტემის რეაბილიტაცია
 კლდე - შიდა გზების რეაბილიტაცია და სკვერის მოწყობა
 წნისი - სკვერის მოწყობა

2020 წელს ახალციხის მუნიციპალიტეტში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამით“, საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 612 000 ლარი დაიხარჯება. საკონსულტაციო შეხვედრები 6 თებერვლიდან 24 თებერვლის ჩათვლით გაიმართება. მოსახლეობა ხმათა უმრავლესობით, თავად გადაწყვეტს რას მოხმარდება თითოეული დასახლებისთვის გამოყოფილი თანხა, შერჩეული პროექტები კი დასამტკიცებლად ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წარედგინება.

გააზიარე