ცხელი ხაზი:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

საკრებულოს სხდომა

25 დეკემბერი, 2023

დღეს, ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგით მე-14 სხდომა გაიმართა, რომელსაც დეპუტატებთან ერთად, ახალციხის მუნიციპალიტეტის მერი ირაკლი ლაზარაშვილი, პირველი მოადგილე ილია ზარდიაშვილი, მოადგილეები რუბენ კარაპეტიანი, ვაჟა გაჩეჩილაძე და მერიის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელები ესწრებოდნენ.

დეპუტატებმა დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებს შორის 2024 წლის ბიუჯეტის პროექტი განიხილეს და ერთხმად დაამტკიცეს, ასევე მოისმინეს მუნიციპალიტეტის მერის მიერ 2023 წელს გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიში.

ახალციხის მუნიციპალიტეტის მომავალი წლის ბიუჯეტი 32,4 მილიონი ლარით განისაზღვრა, ძირითადი პრიორიტეტებია ინფრასტრუქტურის განვითარება, საზოგადოებრივი ტრანსპორტი, კეთილმოწყობის, დასუფთავებისა და გარემოს დაცვის, ჯანდაცვის, სოციალური, კულტურის, განათლების, სკოლამდელი აღზრდის მიმართულებები.

ახალციხის მუნიციპალიტეტის მერმა ირაკლი ლაზარაშვილმა, საკრებულოს წევრებს და დამსწრე აუდიტორიას მუნიციპალიტეტში განხორციელებულ პროექტებსა და პროგრამებზე მიაწოდა ინფორმაცია, დეტალურად ისაუბრა მერიის თითოეული სტრუქტურული ერთეულის მიერ გაწეულ საქმიანობაზე. აქცენტი გაკეთდა ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, მათ შორის გზების, სასმელი, სარწყავი და სანიაღვრე სისტემების რეაბილიტაციაზე, სკოლებში, საბავშვო ბაღებსა და „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში განხორციელებულ და მიმდინარე სამუშაოებზე. აღინიშნა, რომ 2023 წელს ინფრასტრუქტურის კუთხით არსებული საჭიროებების უზრუნვესაყოფად, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის, სახელმწიფო და ადგილობრივი ბიუჯეტების დაფინანსებით 114 ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება, რომელთა საერთო ღირებულება შეადგენს 17 826 645 ლარს. შეხვედრის მონაწილეები, ასევე დეტალურად გაეცნენ ჯანდაცვისა და სოციალური პროგრამების ფარგლებში მოსახლეობისათვის გაწეულ დახმარებას. საანგარიშო პერიოდში 7 180-მა ბენეფიციარმა მიიღო 2 168 090 ლარზე მეტი ოდენობის დახმარება. აღსანიშნავია, რომ მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ მოქალაქეებს ჯამში 27 სახის ქვეპროგრამით სარგებლობა შეუძლიათ. მერმა ასევე, მიმდინარე წელს მუნიციპალიტეტში ორგანიზებული კულტურული და სპორტული ღონისძიებებიც შეაჯამა.

შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა, მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელმა დეპუტატების მიერ დასმულ შეკითხვებს უპასუხა, მათ მოსაზრებებს და წინადადებებს გაეცნო. საკრებულოს წევრების მხრიდან კი დადებითად შეფასდა მომავალი წლის ბიუჯეტი, წარმოდგენილი ანგარიში და მუნიციპალიტეტში მიმდინარე და განხორციელებული ინფრასტრუქტურული სამუშაოები.

+19

გააზიარე