ცხელი ხაზი:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

საკონსულტაციო შეხვედრა ვალეში

18 მარტი, 2022

ახალციხის მუნიციპალიტეტის დასახლებებში, „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, პრიორიტეტების გამოსავლენად მოსახლეობასთან შეხვედრები აქტიურად გრძელდება.

დღეს, საკონსულტაციო შეხვედრა გაიმართა ვალეში, რომელსაც მუნიციპალიტეტის მერი ირაკლი ლაზარაშვილი, მოადგილე რუბენ კარაპეტიანი, საკრებულოს თავმჯდომარე დავით ლომიძე, სამხარეო ადმინისტრაციის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი იოსებ ალიბეგაშვილი, საკრებულოს დეპუტატები, მაჟორიტარი ბიუროს და ადმინისტრაციული ერთეულის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ადგილობრივებმა, თვითმმართველობის ხელმძღვანელ პირებთან ერთად დასახლებაში არსებულ საჭიროებებზე იმსჯელეს და ხმათა უმრავლესობით შეარჩიეს პრიორიტეტი. პროგრამის ფარგლებში მიმდინარე წელს ვალეში, მანველიშვილის ქუჩაზე გარე განათება მოეწყობა.

აღსანიშნავია, რომ 2022 წელს ახალციხის მუნიციპალიტეტს,„სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ განსახორციელებლად ცენტრალური ბიუჯეტიდან 612 000 ლარი გამოეყო, ადგილობრივ ბიუჯეტში ამ ეტაპზე 300 000 ლარია გათვალისწინებული. მუნიციპალიტეტის 46 დასახლებაში საერთო კრება ან საკონსულტაციო შეხვედრა ტარდება და მაცხოვრებლები ხმათა უმრავლესობით, თავად წყვეტენ რას მოხმარდება დასახლებისათვის გამოყოფილი თანხა.

ძირითად პრიორიტეტებად სახელდება გარე განათების, შიდა გზების, სასმელი და სარწყავი სისტემების, სანიაღვრე არხების, სკვერების, სპორტული და საბავშვო გასართობი მოედნების მშენებლობა-რეაბილიტაცია და სხვა. შერჩეული პრიორიტეტები დასამტკიცებლად საკრებულოს წარედგინება და დაიწყება საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შესყიდვის პროცედურები.

+11

გააზიარე