ცხელი ხაზი:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

საინფორმაციო კამპანია - „ნუ წაართმევ ბავშვობას“

14 ივნისი, 2023

ბავშვობის ასაკში ქორწინების წინააღმდეგ საინფორმაციო კამპანიის - „ნუ წაართმევ ბავშვობას“ ფარგლებში, რომელსაც შინაგან საქმეთა სამინისტრო ახორციელებს, ახალციხეში შეხვედრა გაიმართა.

კამპანიის მიზანია ბავშვობის ასაკში ქორწინების ხელშემწყობი დანაშაულების აღმოფხვრა და ამ საკითხზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლება.

საინფორმაციო ხასიათის შეხვედრას ადგილობრივი თვითმმართველობის, არასამთავრობო სექტორის, საგანმანათლებლო სფეროს წარმომადგენლები და ახალგაზრდები ესწრებოდნენ.

ბავშვობის ასაკში ქორწინების თემაზე მომზადებული ვიდეორგოლის ჩვენების შემდეგ, შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტის წარმომადგენლებმა, აუდიტორიას კამპანიის ძირითადი მიზნები, განხორციელებული და დაგეგმილი აქტივობები გააცნეს.

აღინიშნა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთი პრიორიტეტი სწორედ ბავშვობის ასაკში ქორწინების წინააღმდეგ ბრძოლა და მსგავსი ფაქტების დროული გამოვლენაა. შესაბამისად, ეფექტიანი რეაგირების მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტი მთელი ქვეყნის მასშტაბით ახორციელებს მონიტორინგს ნაადრევი ქორწინების შესაძლო შემთხვევებთან დაკავშირებით.

შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა და სამინისტროს წარმომადგენლებმა აუდიტორიის კითხვებს უპასუხეს.

კამპანიას - ”ნუ წაართმევ ბავშვობას” შინაგან საქმეთა სამინისტრო გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისთან პარტნიორობითა და შვედეთის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს.

+6

 

გააზიარე