ცხელი ხაზი:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

„პერსონალური ასისტენტის პროგრამა“

5 სექტემბერი, 2025

 ახალციხის მუნიციპალიტეტში ახალი სერვისი „პერსონალური ასისტენტის პროგრამა“  ამოქმედდა.

პროგრამის მიზანია შშმ პირთა დამოუკიდებელი ცხოვრების და საზოგადოებაში ინტეგრირების ხელშეწყობა, პერსონალური ასისტენტის საშუალებით.

პერსონალური ასისტენტის სერვისი მიმართულია ხელი შეუწყოს მომსახურების მიმღებ პირს საკუთარ ცხოვრებაზე კონტროლის განხორციელებაში, დამოუკიდებლობის ხარისხის გაზრდასა და სოციალურ აქტივობაში. ამ მიზნით, პერსონალური ასისტენტის სერვისი მომსახურების მიმღები პირის ინდივიდუალური საჭიროებისა და სურვილის მიხედვით, შეიძლება  მოიცავდეს კვების, საკუთარი თავის მოვლის, ჩაცმის, სახლის საქმის, საყიდლებზე სიარულის, მობილობისა და კომუნიკაციის, ჯანმრთელობის დაცვის, რეაბილიტაციისა და განვითარების მომსახურების მიღებაში, ასევე მუშაობისა და დასვენების, დღის დაგეგმვის ან სხვა მსგავს აქტივობებში დახმარებას.

პროგრამით დადგენილი მომსახურების მიმღები პირია მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული და მცხოვრები 18 წელზე უფროსი ასაკის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი, რომელსაც სამინისტროს მიერ უფლებამოსილი სამედიცინო დაწესებულების მიერ დადგენილი წესით განხორციელებული შეფასების საფუძველზე განესაზღვრა პერსონალური ასისტენტის მომსახურების საჭიროება და ასისტირების ტიპი.  

 პროგრამაში ჩართვის დამატებითი კრიტერიუმებია:

  •   სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული პირები, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 120 000-ს;
  •   მარტოხელა შშმ პირი (ამ პროგრამის მიზნებისთვის მარტოხელა შშმ პირი არის პირი, რომელსაც არ ჰყავს შვილები და/ან მარჩენალი);
  •  მარტოხელა მშობლის სტატუსის მქონე პირი;
  • ახალციხის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მოქმედი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტი;
  • ახალციხის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მოქმედი პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტი.
  • პროგრამაში ჩართვის გამომრიცხავი კრიტერიუმია ანალოგიური, მსგავსი სახელმწიფო ან მუნიციპალური პროგრამით სარგებლობა.

 პროგრამაში ჩართვის პრიორიტეტებია:

  •  წინა წლის განმავლობაში პერსონალური ასისტენტის მომსახურებით სარგებლობა;
  •  ერთდროულად ორი და მეტი კრიტერიუმის დაკმაყოფილება;
  •   სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზის მიხედვით, დაბალი სარეიტინგო ქულის ქონა;
  • მომსახურების მიღების მსურველთა სიაში რეგისტრაცია.

 

მუნიციპალიტეტი პერსონალური ასისტენტის პროგრამას ახორციელებს  „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონით სახელმწიფოს მიერ ადგილობრივი თვითმმართველობებისათვის დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში.

ამ ეტაპზე, პროგრამის განხორციელების არეალია ქალაქი ახალციხე და ქალაქი ვალე.

დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ, მოგვმართოთ ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიას.

წარმოსადგენი დოკუმენტაცია და პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ  თანდართული  ფაილების სახით:

 

 

გააზიარე