ცხელი ხაზი:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

„მონაწილეობითი ბიუჯეტირება-2024“

12 დეკემბერი, 2023

ახალციხის მუნიციპალიტეტში „მონაწილეობითი ბიუჯეტირების“ პროექტი ახალ ეტაპზე გადადის.

მუნიციპალიტეტის მერიაში გამართულ სამუშაო შეხვედრაზე, რომელსაც მერის პირველი მოადგილე ილია ზარდიაშვილი უძღვებოდა, მოქალაქეთა ინიციატივები განიხილეს, მოხდა მათი ვერიფიკაცია.

შეხვედრას ორგანიზაცია „სამოქალაქო საზოგადოების ფორმირების ხელშემწყობი ცენტრის“ ხელმძღვანელი ნინო რუხაძე და მერიის სამსახურების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

სამოქალაქო ბიუჯეტის საბჭომ წარმოდგენილი პროექტები შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით განიხილა:

  •  სამართლებრივი ასპექტები - არის თუ არა მუნიციპალიტეტი უფლებამოსილი განახორციელოს წარმოდგენილი პროექტი;
  •  ტექნიკური ასპექტები - რამდენად შესაძლებელია პროექტის განხორციელება;
  •  ფინანსური ასპექტები - წარმოდგენილი პროექტის სავარაუდო ღირებულების შეფასება;
  •  პროექტის განხორციელების ვადები - მითითებული ვადები შეესაბამება თუ არა რეალურ შესაძლებლობებს.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ მერიაში შემოსული ინიციატივების ნაწილი უკვე გათვალისწინებულია მომავალი წლის სამოქმედო გეგმაში. რაც შეეხება პროექტის ფარგლებში ვერიფიცირებულ საპროექტო წინადადებებს, უახლოეს ხანში გაიმართება კენჭისყრის პროცედურა და გამარჯვებული ინიციატივები ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსდება.

ვერიფიცირებული საპროექტო წინადადებებია:

  •  აბის დასახლებაში მდებარე წმ. მიქაელ მთავარანგელოზის ტაძრის პერიმეტრის შემოღობვა;
  •  საზაფხულო ფესტივალი „შევხვდეთ ზაფხულს მუსიკით“;
  •  ასპინძის და გვარამაძის ქუჩების კვეთაში არსებული სკვერის და სპორტული მოედნის რეაბილიტაცია;
  •  ეკომეგობრული ფანჩატური (მზის ელექტროსადგური);
  •  ქოლგების ქუჩა ქალაქში;

პროგრამა „სამოქალაქო ბიუჯეტი 2024“ ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიისა და პროექტ „სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება სოციალურ, ეკონომიკურ და პოლიტიკურ ცხოვრებაში თანაბარი და სრულყოფილი მონაწილეობისთვის“ - განმახორცილებელი - HEKS-EPER Georgia-ს რეგიონული პარტნიორი ორგანიზაციის „სამოქალაქო საზოგადოების ფორმირების ხელშემწყობი ცენტრის“ ერთობლივი თანამშრომლობით ხორციელდება.

აღსანიშნავია, რომ სამოქალაქო ბიუჯეტის პროგრამისთვის, 2024 წელს ახალციხის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 100 000 ლარი გამოიყოფა, რომელიც მოსახლეობის მიერ წარმოდგენილი პროექტების დაფინანსებას მოხმარდება.

+6

გააზიარე