ცხელი ხაზი:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

„ახალციხის მუნიციპალიტეტში ადგილობრივი სოციალური პოლიტიკისა და მუნიციპალური სოციალური პროგრამების დაგეგმვის მიზნით მოწყვლადი სამიზნე ჯგუფების საჭიროებათა კვლევა“

3 აგვისტო, 2023

ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიასა და საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნულ ასოციაციას შორის თანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, ახალი პროექტის - „ახალციხის მუნიციპალიტეტში ადგილობრივი სოციალური პოლიტიკისა და მუნიციპალური სოციალური პროგრამების დაგეგმვის მიზნით მოწყვლადი სამიზნე ჯგუფების საჭიროებათა კვლევა“ - განხორციელება დაიწყო.

პირველ ეტაპზე ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიაში შეიქმნა სამუშაო ჯგუფი, რომელსაც მერის მოადგილე რუბენ კარაპეტიანი ხელმძღვანელობს. სამუშაო პროცესში მერიის სხვადასხვა სტრუქტურული ერთეულების წარმომადგენლებთან ერთად, რეგიონული სამსახურებისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებიც არიან ჩართულნი.

აღნიშნული ჯგუფი, ადგილობრივი სოციალური პოლიტიკისა და მუნიციპალური სოციალური პროგრამების დაგეგმვის მიზნით, უზრუნველყოფს მოწყვლადი კატეგორიების საჭიროებათა კვლევის ჩატარებას, შერჩეული სამიზნე ჯგუფების მიხედვით:

  •  შშმ პირი (ფიზიკური, ინტელექტუალური, კომბინირებული), ფსიქიკური აშლილობის მქონე;
  • პირი მძიმე ქრონიკული დაავადებით;
  •  მოხუცებული/მხცოვანი პირი;
  • ღარიბი ოჯახი;
  • სახელმწიფო ინსტიტუციებიდან სრულწლოვანების მიღწევის შემდეგ გამოსული პირი;

საჭიროებათა კვლევის მეთოდოლოგიისა და სამოქმედო გეგმის დასახვის მიზნით გაიმართა საინფორმაციო შეხვედრა, რომელსაც მერიის თანამშრომლები, ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლები და მათი ასისტენტები ესწრებოდნენ.

პროექტის მიზანია, მომავალში აღნიშნული საჭიროებათა კვლევის საბოლოო ანგარიშის მიხედვით გამოკვეთილი საჭიროებები გათვალისწინებული იქნას მერიის მუნიციპალურ სოციალურ პროგრამებში.

 

გააზიარე