ცხელი ხაზი:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

ახალციხის მუნიციპალიტეტის მერის სათათბირო ორგანოს „ სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს“  2022 წლის  25 მარტის სხდომის ოქმი  №1

8 აპრილი, 2022

ახალციხის მუნიციპალიტეტის მერის სათათბირო ორგანოს

„ სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს“  2022 წლის  25 მარტის

სხდომის ოქმი  №1

 

ქ. ახალციხე                                                                                                          2022 წელი, 25 მარტი

 

სხდომას ესწრებოდნენ:

 

ირაკლი ლაზარაშვილი

ილია ზარდიაშვილი

 

       ახალციხის მუნიციპალიტეტის მერი

       ახალციხის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე

რუბენ კარაპეტიანი

        ახალციხის მუნიციპალიტეტის მერის  მოადგილე

 

„ სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს“ წევრები:

 

  1. ცირა მესხიშვილი
  2. ნუგზარ თათეშვილი
  3. თამარ კაპანაძე
  4. მაკა ბერიძე
  5. ვასილ კვინცხაძე
  6. შალვა ტაბატაძე
  7. მერაბ ბერიძე
  8. გიორგი ბუცხრიკიძე 
  9. ნონა ონიანი
  10. აშოთ კავალერიან
  11. გურამი ჯინჭველაძე 
  12. მაია გაჩეჩილაძე
  13. ბიჭიკო მოდებაძე
  14.  ჯაბა ნათენაძე  
  15. ნიკოლოზ ხიზაძე
  16. ალექსანდრე ლომსაძე
  17. ნინო ხაზალაშვილი
  18. მანუჩარ გოგოლაური
  19. რომან მაისურაძე
  20. მეგი თათეშვილი
  21. ციური ლაფაჩი

 

 

სხდომას არ ესწრებოდნენ „ სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს“ წევრები:

  1. ნინო რუხაძე
  2. ამალია სარქისიან     
  3. ბელა ავალიშვილი
  4. ომარ ჯაყელი
  5. ნათია ტაბლიაშვილი
  6. ნატალი სისვაძე

 

დღის წესრიგი

 

  1. „სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს“ წევრების გაცნობა;
  2. მუნიციპალიტეტში დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტები და  სამომავლო გეგმები;
  3. საბჭოს წევრების რეკომენდაციების და ინიციატივების მოსმენა;
  4. საბჭოს თავმჯდომარის კანდიდატურის შესახებ მსჯელობა;

 

ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიაში,  „სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს“  პირველი  შეხვედრა გაიმართა,  რომელსაც  მერი ირაკლი ლაზარაშვილი  უძღვებოდა. მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელმა საბჭოს   განახლებულ შემადგენლობას  მადლობა გადაუხადა  აქტიურობისა და თანამშრომლობის მზაობისათვის  და დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები გააცნო. მან ასევე,  ნაყოფიერი თანამშრომლობის იმედი გამოთქვა და აღნიშნა, რომ ერთობლივი ძალისხმევით შესაძლებელი იქნება მუნიციპალიტეტისათვის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება.

შეხვედრაზე მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, სამომავლო გეგმებზე,  მოსახლეობის წინაშე არსებულ საჭიროებებზე და მათი მოგვარების გზებზე   იმსჯელეს.

მერმა, საბჭოს წევრებს,  როგორც ცენტრალური, ისე ადგილობრივი ბიუჯეტების დაფინანსებით  მიმდინარე და განსახორციელებელი   ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. მათ შორის, დეტალურად  ისაუბრა მასშტაბურ საგზაო ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, სასმელი წყლის სისტემების, სანიაღვრე არხის, მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლების გარე ფასადებისა და სადარბაზოების სარეაბილიტაციო სამუშაოებზე,  ასევე, „სოფლის მხარდაჭერის პროგრამისა“ და  პროგრამა „განახლებული რეგიონების “  ფარგლებში დაგეგმილ სამუშაოებზე.

აღნიშნა,  რომ პროგრამა „განახლებული რეგიონების“ ფარგლებში, ქალაქ ახალციხეში,  თამარაშვილის,  ნათენაძისა და კეცხოველის  ქუჩებზე  დაწყებულია ურბანული განახლების სამუშაოები. რეაბილიტაცია უტარდება ქალაქის ცენტრალურ პარკს,  თამარაშვილის ქუჩაზე არსებულ  სკვერს, ნათენაძისა და კეცხოველის ქუჩებზე  საცხოვრებელი სახლებისა და ექვსსართულიანი შენობის  გარე ფასადებს.

გრძელდება  მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლების ფასადებისა და სადარბაზოების რეაბილიტაცია.  ამ ეტაპზე, ქალაქ ახალციხეში, 9 აპრილის ქუჩაზე,  ორ   კორპუსს უტარდება სარეაბილიტაციო სამუშაოები, პროექტის მიზანია ქალაქის იერ-სახისა და მოსახლეობის საცხოვრებელი გარემოს  გაუმჯობესება; 

გვარამაძის ქუჩაზე,   ე.წ.   „მლაშიხევის“  დახურული კოლექტორი  ეწყობა,  რომლის დასრულების შემდეგ,  მიმდებარე ქუჩების მაცხოვრებლებისათვის, წლების განმავლობაში არსებული პრობლემა სრულად  მოგვარდება.

 გრძელდება „სოფლის მხარდაჭერის პროგრამაც“,  რომლის  ფარგლებში, მუნიციპალიტეტის 46 დასახლებაში მაცხოვრებლებმა, თავად გადაწყვეტეს რას მოხმარდება თითოეული სოფლისათვის გამოყოფილი თანხა, ძირითად პრიორიტეტებად დასახელდა შიდა სასოფლო გზების მოწესრიგება, ხიდების,  სასმელი წყლის შიდა ქსელის, სარწყავი და  სანიაღვრე არხების,  გარე განათების, სკვერების,  სპორტული მოედნების მოწყობა და სხვა.  

თავის მხრივ, „სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს“ წევრებმა გამოთქვეს  მოსაზრებები და  თავიანთი  იდეებით, რეკომენდაციებითა და წინადადებებით მიმართეს მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელს. ყურადღება გამახვილდა სამოქალაქო მრჩეველთაა საბჭოს აქტიურ და ეფექტურ მუშაობაზე, ამ მიმართულებით საჭირო აქტივობების  დაგეგმვაზე. 

საბჭოს წევრმა შალვა ტაბატაძემ  განსაკუთრებით დადებითად შეაფასა საბჭოში ახალგაზრდების ჩართულობა და  აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია, საბჭოს წევრები გავიდნენ სოფლებში და მოსახლეობის საჭიროებებს ადგილზე გაეცნონ. მან ასევე, მუნიციპალიტეტში მიმდინარე და განხორციელებული პროექტების მნიშვნელობაზე გააკეთა აქცენტი.

საბჭოს წევრმა მაია გაჩეჩილაძემ  იმედი გამოთქვა, რომ საბჭო აქტიურად იმუშავებს სხვადასხვა მიმართულებით და  მათ შორის  შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საკითხებზე,   აქტიურად დაუჭერს მხარს ამ  მიმართულებით წამოყენებული ინიციატივებისა და წინადადებების  განხორციელებას.

საბჭოს წევრმა ჯაბა ნათენაძემ,  ქ. ვალეში,  წყალმომარაგების სისტემისა და შიდა გზების სარეაბილიტაციო სამუშაოებზე გაამახვილა ყურადღება.  მისივე თქმით, გარდა იმისა,  რომ წყალმომარაგების პროექტის ფარგლებში მიმდინარე სამუშაოები საკმაოდ  გაჭიანურებულია,  აღნიშნული სამუშაოების გამო,  ასევე ზიანი მიადგა და გადაითხარა შიდა გზებიც, რის გამოც მოსახლეობას განსაკუთრებით უამინდობისას,  გადაადგილება უჭირს.  აღნიშნა,  ისიც რომ ვალეში ცენტრალურ ქუჩაზე, სადაც გასული წლის ოქტომბერში გზის რეაბილიტაცია განხორციელდა, შესრულებული სამუშაოების ხარისხი არ შეესაბამება სტანდარტებს, ასფალტის საფარი უკვე დაზიანებულია და მშენებელ კომპანიას საგარანტიო ვადის ფარგლებში უნდა მოეთხოვოს ხარვეზის გამოსწორება.

გარდა ამისა,  ჯაბა ნათენაძემ, სოციალური ქსელში განთავსებული  გამოკითხვის შედეგად მოსახლეობის მხრიდან შემოსულ პრობლემებზე და  ინიციატივებზე მიაწოდა ინფორმაცია მერს.  მათ შორის: ქალაქის მასშტაბით წყალმომარაგების გაუმჯობესების,  9 აპრილის ქუჩის გავლით საქალაქო ტრანსპორტის მარშრუტის დაწესების,  რუსთაველის ქუჩაზე დაზიანებული საფეხმავლო ბილიკების,  რუსთაველის ქ. №105-ში ეზოს კეთილმოწყობის, ასპინძის ქუჩა №28 კორპუსის გარე ფასადისა და ეზოს კეთილმოწყობის, თამარაშვილის №29 კორპუსის ეზოს მოწესრიგების და  მწვანე სივრცის მოწყობის, ქალაქის ცენტრში აივნების მოწესრიგების, ივანე ახალციხელის ქუჩაზე მიწისქვეშა კომუნიკაციების, მათ შორის საკანალიზაციო სისტემის მოწყობის, რაბათის უბანში ამორტიზებული სახურავების,  ქალაქ ახალციხეში მიუსაფარი ცხოველების პრობლემის, ქალაქის საარჩევნო-სააგიტაციო მასალისაგან გაწმენდისა და სოფლების გაზიფიცირების  შესახებ.

საბჭოს წევრმა,  ნინო ხაზალაშვილმა,  ქალაქის ცენტრალურ უბანში საცხოვრებელი სახლების  ესთეტიკური იერ-სახის მოწესრიგებაზე და აივნების დეკორატიული ყვავილებით გალამაზებაზე ისაუბრა.

საბჭოს წევრმა, ნიკოლოზ ხიზაძემ,  ქალაქ ვალეში დასუფთავების პრობლემაზე და ტროტუარების მოწესრიგებაზე ისაუბრა. ასევე დაინტერესდა ახალციხის მუნიციპალიტეტი შეძლებს თუ არა  რუსეთ-უკრაინას შორის  მიმდინარე კონფლიქტის შედეგად დაზარალებული უკრაინელი მოქალაქეების დროებით შეფარებას და  არის თუ არა რაიმე გეგმა შემუშავებული ამ მიმართულებით.

საბჭოს წევრმა, ალექსანდრე ლომსაძემ აქცენტი გააკეთა  ახალციხის ტურისტულ პოტენციალზე აღნიშნა,  რომ ცენტრალურ უბნებში მრავალსართულიანი საცხოვრებელი  კორპუსების სარეაბილიტაციო სამუშაოების დაგეგმვისას,  სასურველი იქნება ფასადების მოპირკეთება დაძველების ეფექტით.

სამცხე-ჯავახეთის სახელწმიფო უნივერისტეტის რექტორმა  და საბჭოს წევრმა მაკა ბერიძემ  უნივერსიტეტსა და ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიას შორის თანამშრომლობის გაღრმავებაზე და  სტუდენტების ხელშეწყობობაზე ისაუბრა, ასევე დადებითად შეაფასა მერიის წარჩინებულ სტუდენტთა სასტიპენდიო პროგრამა, რომლითაც სამცხე-ჯავახეთის უნივერსიტეტის სტუდენტები სარგებლობენ.

საბჭოს წევრმა,   მერაბ ბერიძემ,  აქცენტი სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს მუშაობაზე გააკეთა,  აღნიშნა,  რომ მისი   საქმიანობა  ძირითადად ორიენტირებული უნდა იყოს პრიორიტეტების წამოწევაზე და თითოეული პრიორიტეტის ირგვლივ  აქტიურ მსჯელობაზე. მერაბ ბერიძე ასევე,   ქალაქში  ახალი ქუჩების სახელის დარქმევის ინიციატივით გამოვიდა.

საბჭოს წევრმა,  ციური ლაფაჩმა იმედი გამოთქვა, რომ განახლებული საბჭოს მუშაობა ნაყოფიერი იქნება. მან, ასევე მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელს სამცხე-ჯავახეთის ისტორიული მუზეუმის წინაშე არსებულ პრობლემებზე მიაწოდა ინფორმაცია და მუზეუმისათვის ადმინისტრაციული შენობისა და  ექსპონატების  საცავის აშენების საჭიროებას გაუსვა ხაზი.

საბჭოს წევრმა,  გურამ ჯინჭველაძემ  ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების ხელშეწყობაზე და ერთობლივი პროექტების განხორციელებაზე ისაუბრა.

ქალაქში მიმდინარე და განხორციელებული პროექტები  დადებითად შეაფასა, საბჭოს წევრმა  ვასილ კვინცხაძემ,  ისაუბრა  რუსთაველის ქუჩა №124-ში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებზე და ამავე  ქუჩაზე,   გზისპირებზე დაზიანებული ნარგავების ადგილზე,  ახალი ნერგების დარგვის თხოვნით მიმართა მერს.

საბჭოს წევრმა,  ბიჭიკო მოდებაძემ წარმატებები და ნაყოფიერი საქმიანობა უსურვა,  როგორც მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელს, ისე სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს, ამასთანავე  თავისი იდეები და ინიციატივები გააცნო აუდიტორიას. ისაუბრა თბილისი-ვალეს  სარკინიგზო მიმოსვლის  აღდგენის აუცილებლობაზე, ცენტრალური პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე  თავშეყრის ადგილის მოწყობაზე,  ურავლის ხეობაში სათხილამურო და ველოსპორტის განვითარების პერსპექტივებზე. მან ასევე, დადებითად შეაფასა მერის ინიციატივა სატრანსპორტო კომპანიის შექმნისა და ქალაქის განვითარების გენერალური გეგმის შემუშავების შესახებ, ყურადღება გაამახვილა მერიის სამსახურების მხრიდან საზოგადოებასთან აქტიურ კომუნიკაციაზე.   

საბჭოს წევრმა, აშოთ კავალერიანმა ყურადღება გაამახვილა ქალაქში შიდა გზების  მოწესრიგებაზე და  მერს  მიაწოდა ინფორმაცია თაბუკაშვილის ქუჩაზე,  ასფალტის საფარის ჩავარდნის შედეგად შექმნილ პრობლემასთან დაკავშირებით. ისაუბრა  ასევე ქალაქში  გამართული საზოგადოებრივი ტრანსპორტის მნიშვნელობაზე,   მოძრაობის უსაფრთხოების საკითხების დარეგულირებაზე, შიდა ქუჩებზე და განსაკუთრებით,  საბავშვო ბაღებისა და საჯარო სკოლების მიმდებარედ  შუქნიშნების, საგზაო ნიშნებისა და მონიშვნების მოწყობაზე. 

საბჭოს წევრი,  თამარ  კაპანაძე განახლებული საბჭოს წინაშე წარსდგა პრეზენტაციით,  თემაზე -„ახალციხის მუნიციპალიტეტში მერის სათათბირო ორგანოს - სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს ეფექტურობის გაზრდისთვის მოსახლეობის მოსაზრებებისა და არსებული გამოცდილების კვლევა და რეკომენდაციები“. აღნიშნული კვლევა,   არასამთავრობო ორგანიზაციების კოალიციის „ახალციხის ზრდასრულთა განათლების ცენტრის“, „ახალციხის ახალგაზრდული ცენტრისა“  და ასოციაცია „ ტოლერანტის“ ერთობლივი პროექტის ფარგლებში განხორციელდა. პრეზენტაციაზე აქცენტი გაკეთდა საბჭოს აქტიურ და ეფეტურ მუშაობაზე, ახალგაზრდების ჩართულობაზე, საბჭოს მიერ  წამოყენებული  ინიციატივებისა და  რეკომენდაციების შესახებ საზოგადოების ინფორმირებაზე და სხვა.   

შეხვედრის ფარგლებში,  მუნიციპალიტეტის მერმა,  ირაკლი ლაზარაშვილმა საბჭოს წევრების შეკითხვებს  უპასუხა. უკრაინელ დევნილებთან დაკავშირებით აღნიშნა,  რომ საქართველოს ხელისუფლება სოლიდარობას უცხადებს უკრაინას და   საჭიროების შემთხვევაში უკრაინის მოქალაქეებს შესაბამისი დახმარება გაეწევათ. მერმა აღნიშნა,  რომ უკრაინელი ხალხის დასახმარებლად ჰუმანიტარულ აქციაში ახალციხის მუნიციპალიტეტიც აქტიურად ჩაერთო,  მერიის სარეზერვო ფონდიდან გამოყოფილი სახსრებით შეძენილი იქნა არამალფუჭებადი საკვები პროდუქტები, პირველადი დახმარების სამედიცინო საშუალებები,  ბავშვთა კვებისა და ჰიგიენური მოვლის საშუალებები და მოსახლეობის მიერ შეგროვილ ტვირთთან ერთად გაიგზავნა უკრაინაში საქართველოს მთავრობის დახმარებით.    

ირაკლი ლაზარაშვილმა, ქ. ვალეში და ქ. ახალციხეში,  წყალმომარაგების მასშტაბურ პროექტებზე ისაუბრა,  რომლებსაც გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ახორციელებს. მისი თქმით, პროექტების განხორციელების შედეგად  მაცხოვრებლები 24 საათიანი წყალმომარაგებით იქნებიან უზრუნველყოფილი;  

რაც შეეხება,  მუნიციპალიტეტის მასშტაბით, ცენტრალური და შიდა საავტომობილო გზების  რეაბილიტაციას,   აღინიშნა,  რომ სამუშაოები ეტაპობრივად განხორციელდება.   უკვე მზადდება სატენდერო წინადადება ახალციხეში, კლიმატური პირობების გამო დაზიანებული შიდა  გზების მოსაწესრიგებლად   და უახლოეს ხანში დაიწყება აღნიშნული პრობლემის მოგვარება.  ქალაქ  ვალეში, გასული წლის ბოლოს განხორციელებული საგზაო  ინფრასტრუქტურული სამუშაოების ხარისხთან დაკავშირებით კი განმარტა, რომ  საგზაო დეპარტამენტის მხრიდან აუცილებლად იქნება  შესაბამისი რეაგირება  და  მშენებელ კომპანიას ხარვეზების გამოსწორება დაეკისრება.

ირაკლი ლაზარაშვილმა,  ასევე, სატრანსპორტო კომპანიის შექმნის ინიციატივის,  მოსახლეობის გამართული საზოგადოებრივი ტრანსპორტითა და ხელმისაწვდომი მარშრუტების  უზრუნველყოფაზე ისაუბრა. მისი თქმით,  უკვე დაწყებულია კონცეფციაზე მუშაობა და იმედი გამოთქვა,  რომ აღნიშნული პრობლემის მოგვარება შესაძლებელი იქნება მოკლე დროში.

მერმა საბჭოს წევრებთან, ქალაქის განვითარების გენერალური გეგმის შემუშავების ინიციატივაზეც ისაუბრა.  მისი თქმით,  ქალაქს ამ დრომდე არ გააჩნია დოკუმენტი, რომელშიც გათვალისწინებული იქნება, როგორც ურბანული განაშენიანების, ისე   ქალაქის   ფუნქციურ ზონებად განვითარების კონცეფცია. აღნიშნული დოკუმენტი ორიენტირებული იქნება  ქალაქის იერ-სახის გაუმჯობესებაზე, ახალი რეკრეაციული ზონების განვითარებაზე და არსებული ტურისტული პოტენციალის სრულფასოვნად  ამოქმედებაზე.

რაც შეეხება, ეზოებისა და მრავალსართულიანი კორპუსების მოწესრიგებას, 9 აპრილის ქუჩაზე უკვე მიმდინარეობს ორი მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლის გარე ფასადებისა და სადარბაზოების რეაბილიტაცია, ამ მიმართულებით მუშაობა და მოსახლეობის საცხოვრებელი გარემოს გაუმჯობესება მომავალშიც გაგრძელდება.  გარდა ამისა, მუნიციპალიტეტში უკვე  დამტკიცდა   ამხანაგობების განვითრების ხელშეწყობისა და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების აღრიცხვის წესი, რომლის ფარგლებშიც, მომავალში შესაძლებელი იქნება ერთობლივი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება და მოსახლეობის წინაშე არსებული პრობლემების მოგვარება.

მუზეუმისათვის საჭირო ინფრასტრუქტურის  მოწყობასთან და თბილისი-ვალეს  მატარებლის აღდგენის საკითხთან  დაკავშირებით აღინიშნა, რომ მერიის მხრიდან  აუცილებლად  მოხდება შესაბამის უწყებებთან  კოორდინაცია.

მერმა ასევე  ისაუბრა სამცხე-ჯავახეთის უნივერსიტეტთან  თანამშრომლობის გაღრმავებაზე, სტუდენტების მხარდაჭერასა და  სტაჟირების პროგრამის დანერგვაზე. მისი განმარტებით, სამცხე-ჯავახეთის უნივერსიტეტს  მნიშვნელოვანი ფუნქცია აკისრია  და ყველაფერი უნდა გაკეთდეს რათა,   აქ პროფესიონალი ადგილობრივი კადრების მომზადებასთან ერთად, მათ ხელშეწყობაზეც ვიზრუნოთ.

საბჭოს წევრები, ასევე გაეცნენ  დასუფთავების გაუმჯობესების მიზნით დაგეგმილ ღონისძიებებს. როგორც ირაკლი ლაზარაშვილმა აღნიშნა,  დონორი ორგანიზაციის მხარდაჭერით აქტიურად  მიმდინარეობს მუშაობა მტვერსასრუტი ტექნიკის შესაძენასთან დაკავშირებით, ხოლო  საარჩევნო-სააგიტაციო პლაკატებისაგან ქალაქის დასუფთავების მიზნით სამუშაოები ეტაპობრივად დაიგეგმება. რაც შეეხება მიუსაფარი ცხოველების პრობლემას, ამ ეტაპზე ა(ა)იპ „ახალციხის სერვის ჯგუფი,  მათ გადაყვანას გორის ცხოველთა თავშესაფარში ახორციელებს, სადაც შესაბამისი პროცედურები უტარდებათ ცხოველებს და შემდეგ  მათი ბუნებრივ არეალში დაბრუნება ხდება.

შეხვედრის დასასრულს,  „სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს“ თავმჯდომარის კანდიდატურის შერჩევასთან დაკავშირებით აღინიშნა,  რომ საკითხზე მომდევნო შეხვედრაზე ემსჯელათ, ვინაიდან საბჭოს სხდომას 6 წევრი არ ესწრებოდა და სასურველი იყო  გადაწყვეტილება მის  სრულ შემადგენლობას  მიეღო.

გააზიარე