ცხელი ხაზი:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

28 წელი აფხაზეთის ომის დაწყებიდან

14 აგვისტო, 2020

დღეს, ქალაქ ახალციხეში აფხაზეთის ომში დაღუპული გმირები გაიხსენეს.

სამცხე-ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციის, ადგილობრივი ხელისუფლების, ქალაქის საზოგადოების წარმომადგენლებმა, ვეტერანებმა და ომში დაღუპულთა ოჯახის წევრებმა ახალციხის ცენტრალურ პარკში, საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს და მათ ხსოვნას პატივი მიაგეს. გარდაცვლილთა სულების მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადა ამაღლების სახელობის ტაძრის დეკანოზმა, მამა ნიკოლოზმა.

საქართველოში 28 წლის წინ განვითარებული ტრაგიკული მოვლენები გაიხსენეს და დაღუპულთა ოჯახების წევრებს კიდევ ერთხელ მიუსამძიმრეს, სახელმწიფო რწმუნებულის პირველმა მოადგილემ შალვა ბერძენიშვილმა, ახალციხის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ გურამ მელიქიძემ და ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის სამცხე-ჯავახეთის სამმართველოს უფროსმა დავით ფეიქრიშვილმა.

დღესვე, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის გარდაცვლილთა ოჯახებს ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიისგან, სოციალური პროგრამის ფარგლებში ფულადი დახმარებაც გადაეცათ, 300 ლარის ოდენობით.

აფხაზეთში შეიარაღებული კონფლიქტი 1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო, საომარი მოქმედებები 13 თვის და 13 დღის განმავლობაში გრძელდებოდა. შედეგად, 300 ათასზე მეტი ადამიანი დევნილად იქცა საკუთარ ქვეყანაში, უგზო-უკვლოდ დაიკარგა 5 ათასამდე მშვიდობიანი მოსახლე და ათასობით ქართველმა მებრძოლმა საკუთარი სიცოცხლე შესწირა სამშობლოს.

გააზიარე