უძველესი მესხური ტრადიცია „კალოობა“ გაცოცხლდა
1 აგვისტო, 2026 2026-08-03 9:22უძველესი მესხური ტრადიცია „კალოობა“ გაცოცხლდა
ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ ღრელის მიმდებარედ, უძველესი მესხური ტრადიცია „კალოობა“ გაცოცხლდა.
მესხური ,,კალოობის“დაბრუნება ადგილობრივებს ახალციხის მუნიციპალიტეტის მერმა ვარლამ წიკლაურმა მიულოცა და აღნიშნა, რომ ამ მივიწყებული ტრადიციის აღდგენა მნიშვნელოვანია ჩვენი მუნიციპალიტეტისთვის, იგი მომავალში სისტემატიურ ხასიათს მიიღებს და ყოველწლიურად გაიმართება.
ღონისძიების ფარგლებში წარმოდგენილი იყო მესხეთში გავრცელებული მარცვლეული კულტურის, „ახალციხის წითელი დოლის“ ტრადიციული წესით აღება, გალეწვა, ძნების დაბულულება და გაცხრილვა.
სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ მესხური მრავალჟამიერის ფონზე ადგილზე დაეგემოვნებინათ წითელი დოლის პური, ტენილი ყველი, ტრადიციული მესხური ღვინო, ყაურმა, მესხური ლუხუმი და სხვა ადგილობრივი ნაწარმი.
ღონისძიებას მერის მოადგილე რუბენ კარაპეტიანი, საკრებულოს თავმჯდომარე საბა კბილაშვილი, სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები და სოფელ ღრელის მცხოვრებლები ესწრებოდნენ.
ღონისძიების მიზანია მესხეთის უძველესი ტრადიციების გაცოცხლება, კულტურული და აგრარული მემკვიდრეობის შენარჩუნება.
„კალოობა“ ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით ჩატარდა, იდეა კი ადგილობრივ მეწარმეს ზაზა ივანიძეს ეკუთვნის.