ღირსშესანიშნაობები

ღირსშესანიშნაობები

 რაბათის უბანი  და  „ახალციხის ციხე“

ახალციხის უძველესი უბანია რაბათი. რომელიც ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ტურისტული ცენტრია მუნიციპალიტეტში. ისტორიულ უბანში  ეთნიკური, რელიგიური და კულტურული მრავალფეროვნება იგრძნობა.

ქალაქის ამ ნაწილში  ერთ-ერთი მთავარი ღირშესანიშნაობაა „ახალციხის  ციხე“, რომელიც  ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის ძეგლია.  კომპლექსი შედგება ციხის ზედა და ქვედა ნაწილებისაგან, რომლებიც ერთმანეთთან მთავარი კარიბჭით არის დაკავშირებული.

ციხის ტერიტორია7 ჰექტარ ფართობს მოიცავს, სადაც   სხვადასხვა სახის  არქიტექტურული ნიმუშებია წარმოდგენილი – ციტადელი, მეჩეთი, მინარეთი, მედრესე, ჯაყელების სასახლე, მართლმადიდებლური ეკლესია, აბანოები,   მდ. ფოცხოვისკენ ჩასასვლელი გვირაბი,  ციხის გარშემო კი  ორი მეტრის სიგანის გალავანია შემოვლებული, შუასაუკუნეების გოდოლ-კოშკებითა და კარიბჭეებით. კომპლექსის  ტერიტორიაზე,   ასევე მოწყობილია სიყვარულის ხეივანი, ამფითეატრი, შადრევნები, ღია აუზები, ქორწინების სახლი,  სხვადასხვა კომერციული ობიექტები  და ოთხვარსკვლავიანი სასტუმრო.

ქალაქის ისტორიულ ნაწილში –  რაბათში მოქმედებს ასევე წმ. მარინეს მართლმადიდებლური ეკლესია, აქვე  მდებარეობს 19-ე საუკუნის წმინდა ჯვრის სახელობის კათოლიკური ეკლესია, სომხური გრიგორიანული ეკლესია და ებრაული სინაგოგა.

„ტოლერანტობის სიმბოლოდ“ ცნობილ რაბათის უბანში  სხვადასხვა ეთნოსის წარმომადგენლებს საუკუნეების მანძილზე კეთილმეზობლური და მშვიდობიანი თანაცხოვრება ჰქონდათ.