ახალციხის ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭოს ღონისძიება
24 ნოემბერი, 2026 2026-11-25 10:22ახალციხის ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭოს ღონისძიება
ახალციხის მუნიციპალიტეტის მერი ვარლამ წიკლაური და ახალგაზრდობის სააგენტოს საგრანტო პროექტების დეპარტამენტის ხელმძღვანელი ნინო ყარალაშვილი ახალციხის ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭოს ღონისძიებას დაესწრნენ, რომელიც სააგენტოს მიერ გამოცხადებული საგრანტო კონკურსის ფარგლებში გამარჯვებული პროექტის შედეგების შეჯამებას მიეძღვნა.
პროექტის „ახალგაზრდა ლიდერები სოფლის განვითარებისთვის“ მიზანი იყო ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფლებში მცხოვრები ახალგაზრდებისთვის არაფორმალურ განათლებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდა, ახალგაზრდული კლუბების გაძლიერება და ლიდერული უნარების განვითარება. პროექტის ფარგლებში ტრენინგები ჩაუტარდა 70 მონაწილეს, ხოლო სხვადასხვა საგანმანათლებლო და პრაქტიკულ აქტივობაში დაახლოებით 300 ახალგაზრდა ჩაერთო.
შეხვედრაზე განიხილეს მუნიციპალიტეტში ახალგაზრდების მხარდაჭერის მიმართულებით მიღწეული შედეგები, სამომავლო გეგმები და დაგეგმილი აქტივობები. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ახალგაზრდების ჩართულობის მნიშვნელობას, ახალი ინიციატივების განხორციელებასა და მათთვის მეტი შესაძლებლობის შექმნას.
ვარლამ წიკლაურმა საბჭოს წევრებს წარმატებები უსურვა და აღნიშნა, რომ მერიის მხრიდან მათი იდეებისა და ინიციატივების მხარდაჭერა მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება.
ღონისძიებაზე ახალგაზრდობის სააგენტოს საგრანტო პროექტების დეპარტამენტისა და ახალციხის მუნიციპალიტეტის კულტურის სამსახურის წარმომადგენლებმა დადებითად შეაფასეს ახალგაზრდული საბჭოს მიერ განხორციელებული აქტივობები.
ახალგაზრდულმა კლუბებმა დამსწრე აუდიტორიას პრეზენტაციები წარუდგინეს, იმსჯელეს პროექტის შედეგებზე, არსებულ გამოწვევებსა და თავიანთ ხედვებზე. ღონისძიების ფარგლებში გამოვლინდა გამარჯვებული ახალგაზრდული კლუბი – „ვალე“, რომელსაც სამახსოვრო საჩუქრები გადაეცა.