ცხელი ხაზი:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

ვარდისფერი ოქტომბრი

3 ოქტომბერი, 2023

კამპანია „ვარდისფერი ოქტომბრის“ ფარგლებში ქალაქ ახალციხეში „ცოცხალი ჯაჭვი“ შეიკრა.

ახალციხის მუნიციპალიტეტი ძუძუს კიბოს ცნობიერების ამაღლების საერთაშორისო თვეს ტრადიციულად შეუერთდა. მსოფლიოში ოქტომბერი ძუძუს კიბოს შესახებ ცნობიერების ამაღლების საერთაშორისო თვედ მიიჩნევა. ამ თვეს 50-მდე ქვეყანა აღნიშნავს და სიმბოლურად მას „ვარდისფერ ოქტომბერს“ უწოდებენ.

კამპანიის ფარგლებში ქალთა ორგანიზაციის, სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის, ადგილობრივი თვითმმართველობის, საგანმანათლებლო სფეროს და ქალაქის საზოგადოების წარმომადგენლებმა შოთა რუსთაველის ძეგლის მიმდებარედ „ცოცხალი ჯაჭვი“ შეკრეს, რომელიც სიმბოლურად საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლებას და პაციენტთა მიმართ სოლიდარობის გამოხატვას ემსახურება.

„ცოცხალი ჯაჭვის“ შემდეგ შეკრებილ მანდილოსნებს ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე დავით ლომიძე და სამცხე-ჯავახეთის ქალთა ორგანიზაციის თავმჯდომარე ინა კაპანაძე მიესალმნენ და კამპანიის მიზანზე, დაავადების ადრეულ დიაგნოსტიკაზე და დროული სკრინინგის მნიშვნელობაზე ესაუბრნენ. აგრეთვე, კიბოს პრევენციისა და მკურნალობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს.

ასევე, კამპანიის ფარგლებში სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის შენობა ვარდისფრად განათდა.

„ვარდისფერი ოქტომბრი“ მსოფლიოში 1997 წლიდან აღინიშნება, რომლის მიზანი ცნობიერების ამაღლება, რისკების შესახებ ინფორმაციის გავრცელება და კიბოს სკრინინგის აუცილებლობაა.

+15

გააზიარე