ცხელი ხაზი:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

შეხვედრა ახალციხის ახალგაზრდული საბჭოს წევრებთან

2 თებერვალი, 2023

შეხვედრა ახალციხის ახალგაზრდული საბჭოს წევრებთან

საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატი ანტონ ობოლაშვილი, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებული ბესიკ ამირანაშვილი, პირველი მოადგილე დავით ვარდიაშვილი, ახალციხის მუნიციპალიტეტის მერი ირაკლი ლაზარაშვილი და საკრებულოს თავმჯდომარე დავით ლომიძე ახალგაზრდული საბჭოს წევრებს შეხვდნენ.

ახალგაზრდებმა შეხვედრის ფარგლებში, საბჭოს საქმიანობისა და სამომავლო გეგმების შესახებ ისაუბრეს, ასევე მოსწავლე-ახალგაზრდების საჭიროებებზე, ამ მიმართულებით თავიანთი ინიციატივებზე და იდეებზე იმსჯელეს.

ახალციხის მერიასთან არსებული, ახალგაზრდული საბჭო გასული წლის ივლისში ჩამოყალიბდა, იგი დაკომპლექტებულია 18 ძირითადი და 10 ასოცირებული წევრისაგან. საბჭოს მიზანია, ადგილობრივ დონეზე მაქსიმალურად მოხდეს გადაწყვეტილების მიღების პროცესში ახალგაზრდების ინტერესებისა და საჭიროებების გამოვლენა და გათვალისწინება.

შეხვედრაზე, აღინიშნა რომ საბჭო რამდენიმე თემატური მიმართულებით მუშაობს. იგეგმება, როგორც სოფლად მცხოვრებ, ისე ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელ ახალგაზრდებთან აქტიური კომუნიკაცია და მათი ჩართულობის ხელშეწყობა ახალგაზრდულ საქმიანობაში.

თავის მხრივ, მაჟორიტარმა დეპუტატმა ანტონ ობოლაშვილმა, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებულმა ბესიკ ამირანაშვილმა და ახალციხის მუნიციპალიტეტის მერმა ირაკლი ლაზარაშვილმა ახალგაზრდებს მაქსიმალური თანადგომა და მხარდაჭერა აღუთქვეს, ამასთანავე, სამომავლოდ ერთობლივი, ახალგაზრდებზე ორიენტირებული პროექტებისა თუ აქტივობების განხორციელების აუცილებლობაზე ისაუბრეს.

ახალგაზრდებთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა ახალციხის, ადიგენის, ასპინძისა და ბორჯომის მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს ინიციატივით გაიმართა.

+15

გააზიარე