ცხელი ხაზი:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

ცისანა ახვლედიანის პედაგოგიური მოღვაწეობის საიუბილეო საღამო

27 ივნისი, 2023

ქალაქ ახალციხის სამუსიკო სკოლაში ცისანა ახვლედიანის პედაგოგიური მოღვაწეობის 60 წლისთავი აღნიშნეს.

საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით სამუსიკო სკოლის პედაგოგებისა და მოსწავლეების მონაწილეობით ღონისძიება გაიმართა. კონცერტზე თავიანთი რეპერტუარით წარსდგნენ კომპოზიტორთა კავშირის საფორტეპიანო ტრიო და სხვა მოწვეული შემსრულებლები.

დამსწრე საზოგადოებისათვის განსაკუთრებით შთამბეჭდავი და ამაღელვებელი იყო წარსულში ცნობილი ქართველი მოღვაწეების წერილები, რომლებიც ქალბატონ ცისანას და მის საქმიანობას ეძღვნებოდა.

საღამოს ახალციხის მუნიციპალიტეტის მერი ირაკლი ლაზარაშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე დავით ლომიძე, სამხარეო და ადგილობრივი ხელისუფლების, ხელოვნებისა და მუსიკალური სფეროს წარმომადგენლები, ქალაქის საზოგადოება და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ. მათ ცისანა ახვლედიანს პედაგოგიური მოღვაწეობის საიუბილეო თარიღი მიულოცეს და წარმატებები უსურვეს. მეგობარს ემოციური სიტყვებით მიმართა, ღონისძიებაზე სპეციალურად ჩამოსულმა ქუთაისის №1 სამუსიკო სკოლის სასწავლო ნაწილის გამგემ ნუგეშა გიორგობიანმა და გაიხსენა მასთან ერთად გატარებული ახალგაზრდობის წლები. ასევე, მუსიკალური ნომერი შეასრულა კომპოზიტორმა კახა ცაბაძემ და იუბილარს ჯანმრთელობა და მხნეობა უსურვა.

აღსანიშნავია, რომ ქალბატონი ცისანა ახვლედიანი ახალციხის საპატიო მოქალაქე, ღირსების ორდენის კავალერი და ღვაწლმოსილი პედაგოგია. მას უდიდესი წვლილი მიუძღვის ჩვენი მუნიციპალიტეტის კულტურულ ცხოვრებაში და მომავალი თაობების აღზრდის საქმეში, რომელსაც დღემდე დიდი შემართებით და სიყვარულით აგრძელებს. წლების მანძილზე მისი ორგანიზებით მრავალი ღონისძიება თუ კლასიკური მუსიკის კონცერტი გაიმართა.

+25 

გააზიარე