ცხელი ხაზი:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

შეხვედრა საბავშვო ბაგა-ბაღების თანამშრომლებთან

1 ივნისი, 2023

ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ახალციხის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღების ღვაწლმოსილ თანამშრომლებთან და მენეჯერებთან შეხვედრა გაიმართა.

ახალციხის მუნიციპალიტეტის მერმა ირაკლი ლაზარაშვილმა, საკრებულოს თავმჯდომარემ დავით ლომიძემ, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა იოსებ ალიბეგაშვილმა, მერისა და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეებმა საბავშვო ბაღების წარმომადგენლებს მადლობა გადაუხადეს გაწეული შრომისათვის და მხარდაჭერა აღუთქვეს.

შეხვედრაზე, სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებაში ხანგრძლივი მოღვაწეობისა და მომავალი თაობის აღზრდის საქმეში შეტანილი წვლილისათვის, მერიისგან მადლობის სიგელები და სამახსოვრო საჩუქრები გადაეცათ ციალა ბალიაშვილს, ნათელა გელაძეს, ასმათ კურტანიძეს, ნაზი მუმლაურს, ელიზავეტა ალტიპარმაგოვას, დალი გვირჯშვილს, მარიკა მაჩაიძეს და მეგი ლაბაძეს.

დღესვე, გამოვლინდნენ პროექტში „საბავშვო ბაღების ეზოების მოწყობა“ გამარჯვებული საბავშვო ბაღები. სპეციალური ჟიურის მიერ დასახელდება საპრიზო ადგილზე გასული ბაღები.

პირველი ადგილის მფლობელი და ხალხის რჩეული გახდა ქალაქ ახალციხის №3 საბავშვო ბაგა-ბაღი, ასევე, პირველი ადგილი დაიკავა ქალაქ ახალციხის №7 საბავშვო ბაგა-ბაღმა. მეორე ადგილზე გავიდა ქალაქ ახალციხის №1 საბავშვო ბაგა-ბაღი, ხოლო მესამე ადგილი ერგო სოფელ ანდრიაწმინდის საბავშვო ბაგა-ბაღს. სამცხე-ჯავახეთის განვითარების ცენტრის რჩეული კი სოფელ წყრუთის საბავშვო ბაგა-ბაღი გახდა.

გამარჯვებულ საბავშვო ბაგა-ბაღებს გარე სივრცის მოსაწყობი ინვენტარი გადაეცემათ.

ღონისძიების ბოლოს ახალციხის მუნიციპალიტეტის მერმა ირაკლი ლაზარაშვილმა, სამცხე-ჯავახეთის განვითარების ცენტრს ნაყოფიერი თანამშრომლობისათვის განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა და მომავალშიც ასეთივე, აქტიური თანამშრომლობის იმედი გამოთქვა.

+16

გააზიარე