ცხელი ხაზი:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

შეხვედრა წარმატებულ ქალებთან

4 ნოემბერი, 2022

დღეს, ქალაქ ახალციხეში, სოფლად მცხოვრებ მეწარმე და ფერმერული მეურნეობების მქონე ქალებთან შეხვედრა გაიმართა.

ღონისძიება სოფლად მცხოვრებ ქალთა საერთაშორისო დღეს მიეძღვნა, რომელიც გაეროს გენერალური ასამბლეის მიერ 2008 წლიდან აღინიშნება და აღიარებს სოფლად მცხოვრებ ქალთა წვლილს სოფლის მეურნეობაში, საკვების უსაფრთხოების გაუმჯობესებასა და სიღარიბის დაძლევაში.

შეხვედრის მონაწილეებმა ქალთა ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების მნიშვნელობაზე და ხელშეწყობაზე იმსჯელეს, გაეცნენ წარმატებულ ფერმერ ქალთა ისტორიებს. ერთხმად აღინიშნა, რომ სოფლად მცხოვრები მეწარმე ქალები თავიანთი საქმიანობით განსაკუთრებულ როლს ასრულებენ, მუნიციპალიტეტისა თუ რეგიონის სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებასა და გაძლიერებაში.

დამსწრეებს ფონდ „ტასოს“ , არასამთავრობო ორგანიზაცია „ჰექს-ეპერ ჯორჯიას“ და ასოციაცია „ელკანას“ წარმომადგენლებმა პრეზენტაციები წარუდგინეს და თავიანთი ორგანიზაციების საქმიანობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს.

ღონისძიებას საქართველოს პარლამენტის დეპუტატები ეკა სეფაშვილი, სუმბატ კიურეღიანი, სამველ მანუკიანი, სახელმწიფო რწმუნებული ბესიკ ამირანაშვილი, ახალციხის მუნიციპალიტეტის მერი ირაკლი ლაზარაშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე დავით ლომიძე, სამხარეო და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ღონისძიება ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურისა და გენდერული თანასწორობის განყოფილების და ქალთა ორგანიზაციის ერთობლივი ორგანიზებით მოეწყო. შეხვედრის ფარგლებში, ღონისძიებაზე მოწვეულ წარმატებულ ქალბატონებს მერიისგან საჩუქრები გადაეცათ.

+20

 

გააზიარე