ცხელი ხაზი:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

შალვა ახალციხელის ხსენების დღე

30 ივნისი, 2022

დღეს, 30 ივნისს, შალვა ახალციხელის ხსენების დღე, ქალაქ ახალციხეში საზეიმო ღონისძიებებით აღინიშნება.

ქალაქის მთავარი დღესასწაული, წმინდა შალვა ახალციხელის სახელობის ტაძარში საზეიმო წირვით დაიწყო, რომელიც ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტმა მეუფე თეოდორემ და მანგლისისა და თეთრიწყაროს მიტროპოლიტმა, მეუფე ანანიამ აღავლინეს. სასულიერო პირებმა, ტაძარში შეკრებილებს, ახალციხის მაცხოვრებლებს და სრულიად საქართველოს მიულოცეს დღევანდელი დღე და წმინდა შალვა ახალციხელის ღვაწლზე ისაუბრეს.

საზეიმო წირვას ესწრებოდნენ სახელმწიფო რწმუნებული ბესიკ ამირანაშვილი, ახალციხის მუნიციპალიტეტის მერი ირაკლი ლაზარაშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე დავით ლომიძე, სამხარეო და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, მოწვეული სტუმრები და მრევლი.

წმიდა შალვა ახალციხელი გამორჩეული რაინდი და მეომარი იყო თამარ მეფის მხედრობაში. ერთგულების, სიმამაცის და უანგარო მსახურებისათვის მეფემ მას მანდატურთხუცესობა უბოძა და ახალციხის მთავრად დანიშნა. სწორედ მის სახელს უკავშირდება შამქორის ბრძოლაში ძლევამოსილი გამარჯვება. მეფის ბრძანებით, 1204 წელს, ბასიანის ბრძოლაშიც შალვა ახალციხელი წინამძღოლობდა ქართველთა მხედრობას, ძმასთან ივანე ახალციხელთან ერთად.

თამარის ასულის, რუსუდანის მეფობის დროს, საქართველოში დიდძალი ლაშქრით შემოიჭრა ჯალალედინი. გარნისის ბრძოლაში, მოწინავე მესხთა ლაშქარს კვლავ ძმები მეთაურობდნენ, რომლებსაც ბრძოლაში მაშველი ჯარი არ დაეხმარა და დამარცხების შედეგად ივანე ახალციხელი დაიღუპა, ხოლო შალვა ტყვედ ჩაიგდეს. ჯალალედინმა მას სარწმუნოების გამოცვლა მოთხოვა, უარის გამო იგი საპყრობილეში ჩააგდეს და 1227 წელს წამებით აღესრულა. შალვა ახალციხელისადმი დიდი სიყვარულის გამო ხალხმა მას სიმღერა "შავლეგო" მიუძღვნა.

+12

გააზიარე