სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში სწავლა დაიწყო
სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში სწავლა დაიწყო.
ახალი სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით გამართულ საზეიმო ღონისძიებას, სტუდენტებთან და პროფესორ-მასწავლებლებთან ერთად, სახელმწიფო რწმუნებული ბესიკ ამირანაშვილი, ახალციხის მუნიციპალიტეტის მერი ირაკლი ლაზარაშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე დავით ლომიძე, მერის მოადილე ვაჟა გაჩეჩილაძე, სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციისა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
სტუდენტებს და აკადემიურ პერსონალს სწავლის დაწყება მოილოცეს და წარმატებები უსურვეს, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა მაკა ბერიძემ, სახელმწიფო რწმუნებულმა და მუნიციპალიტეტის მერმა.
„გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას. ახალციხის მუნიციპალიტეტის მერია, ყოველთვის ზრუნავს სტუდენტების ხელშეწყობაზე. არაერთი მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტი ხორცილდება და იგეგმება ახალგაზრდების ინტერესების გათვალისწინებით. დარწმუნებული ვარ უნივერსიტეტის კურსდამთავრებულები, შემდგომში აუცილებლად გამოადგებიან ჩვენს მუნიციპალიტეტს“, - აღნიშნა ირაკლი ლაზარაშვილმა.
აღსანიშნავია, რომ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში მერია აქტიურად უჭერს მხარს მუნიციპალიტეტში მცხოვრებ წარჩინებულ სტუდენტებს. მათ წელიწადში ორჯერ, ყოველი სემესტრის ბოლოს მიღებული უმაღლესი შედეგების საფუძველზე გადაეცემათ სტიპენდიები 500 ლარის ოდენობით. სტიპენდიებთან ერთად მათ საზეიმოდ გადაეცემათ შესაბამისი სერტიფიკატებიც. მიმდინარე წელს მერიის სტიპენდიანტი 66 სტუდენტი გახდა.
სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი, 1990 წლიდან ფუნქციონირებს, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ახალციხის ფილიალის ბაზაზე. დღეისათვის, უნივერსიტეტში სწავლა ოთხი ძირითადი საგანმანათლებლო პროგრამით მიმდინარეობს. ესენია: განათლების, სოციალურ და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი, ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტი, იურიდიული ფაკულტეტი და ინჟინერიის, აგრარულ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი.
ახალი სასწავლო წლისთვის უნივერსიტეტს 2000-მდე სტუდენტი ჰყავს, მათ შორის 296 პირველკურსელია.