ცხელი ხაზი:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

რეგიონული შეხვედრა ახალციხეში

13 თებერვალი, 2020

ქალაქ ახალციხეში, სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს ორგანიზებით, სამცხე-ჯავახეთის რეგიონის თვითმმართველობის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა.

მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს დირექტორის მოადგილემ ოთარ შამუგიამ, სააგენტოს რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსმა ლაშა შალამბერიძემ და სამცხე ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებულის პირველმა მოადგილემ შალვა ბერძენიშვილმა.

„გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო მისი უწყებების მეშვეობით არაერთ მნიშვნელოვან პროექტს ახორციელებს, რეგიონში მნიშვნელოვნად არის განვითარებული სოფლის მეურნეობის სხვადასხვა სექტორი, მათ შორის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებისა და კოოპერაციული საწარმოების რაოდენობით სამცხე-ჯავახეთი ერთ-ერთი ლიდერი რეგიონია. სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების მიზნით არსებული პროგრამების და სერვისების შესახებ ადგილობრივი მოსახლეობის ინფორმირების გაზრდის მიზნით მნიშვნელოვანია ადგილობრივი თვითმმართველობის ჩართულობა“ - განაცხადა ოთარ შამუგიამ.

შეხვედრის ფარგლებში გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს უწყებების წარმომადგენლებმა გაწეული მუშაობის, მიმდინარე და დაგეგმილი პროექტებისა და სიახლეების შესახებ პრეზენტაციები წარმოადგინეს.

გაიმართა დისკუსია სახელმწიფო პროგრამებში სამცხე-ჯავახეთის მინიციპალიტეტების მაცხოვრებლების ჩართულობასთან დაკავშირებით, ასევე იმსჯელეს აღნიშნული პროგრამებისა და სერვისების შესახებ ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მექანიზმებზე.

გააზიარე