ცხელი ხაზი:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

ფრიდონ სულაბერიძის საიუბილეო საღამო ახალციხეში

6 May, 2019

მესხეთის დრამატულ თეატრში, ცნობილი ქართველი მოცეკვავისა და ქორეოგრაფის ფრიდონ სულაბერიძის 75 წლის იუბილისადმი მიძღვნილი გალა კონცერტი გაიმართა.

ღონისძიებაში ადგილობრივმა შემოქმედებითმა ჯგუფებმა და ინდივიდუალურმა შემსრულებლებმა მიიღეს მონაწილეობა. დარბაზში მყოფმა ჰოლანდიელმა სტუმრებმა კი, სახელდახელოდ, ქართული მრავალჟამიერი შეასრულეს. მაყურებელმა კიდევ ერთხელ იხილა კადრები, სახალხო არტისტის შესრულებული ცეკვებიდან. ღონისძიების დასარულს რეგიონში მოქმედი ქორეოგრაფიული ანსამბლების ხელმძღვანელები ფრიდონ სულაბერიძის სახელობის მედლებით დაჯილდოვდნენ.

საიუბილეო საღამო საქართველოს სასიმღერო და საცეკვაო ხელოვნების ასოციაციის ორგანიზებითა და ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით მოეწყო. კონცერტს ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტი მეუფე თეოდორე, ახალციხის მუნიციპალიტეტის მერი ზაზა მელიქიძე, საკრებულოს თავმჯდომარე გელა ნოზაძე, ადიგენის მუნიციპალიტეტის მერი ზაქარია ენდელაძე, ადგილობრივი თვითმმართველობისა და ქალაქის საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ფრიდონ სულაბერიძე 1960 წლიდან ქართული ხალხური ცეკვის სახელმწიფო ანსამბლის წამყვანი სოლისტი, 1975 წლიდან კი, საქართველოს სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლ "რუსთავის" მთავარი ქორეოგრაფი იყო. წლების მანძილზე მაღალი ოსტატობით ასრულებდა სოლო პარტიებს ცეკვებში: "ქართული", "აჭარული", "მოხეური", "ძველი თბილისის სურათები", ჯანსუღ და ვახტანგ კახიძეების ოპერაში "ბარბალე". ცნობილმა მოცეკვავემ გასტროლებით შემოიარა 60-ზე მეტი ქვეყანა, 2011 წელს მისი ვარსკვლავი გაიხსნა თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზთან, არის მრავალი სახელმწიფო ჯილდოს, პრემიისა და პრიზის მფლობელი.

გააზიარე