ცხელი ხაზი:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

მერმა გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიში წარადგინა

4 ნოემბერი, 2022

დღეს, ახალციხის მუნიციპალიტეტის მერმა ირაკლი ლაზარაშვილმა, წარმომადგენლობითი ორგანოს რიგით მე-11 სხდომაზე, 2022 წელს გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიში წარადგინა.

მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელმა საკრებულოს წევრებს და დამსწრე აუდიტორიას მუნიციპალიტეტში განხორციელებულ პროექტებსა და პროგრამებზე მიაწოდა ინფორმაცია, დეტალურად ისაუბრა მერიის თითოეული სტრუქტურული ერთეულის მიერ გაწეულ საქმიანობაზე.

განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, მათ შორის საგზაო ინფრასტრუქტურის, სასმელი და სარწყავი სისტემების რეაბილიტაციაზე, სანიაღვრე არხებისა და ნაპირსამაგრი ნაგებობების მოწყობაზე, საბავშვო ბაღებსა და „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში განხორციელებულ და მიმდინარე სამუშაოებზე. როგორც, ირაკლი ლაზარაშვილმა აღნიშნა, ინფრასტრუქტურულ პროექტებს დაფინანსების 5 წყარო გააჩნდა, საიდანაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან 35, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 17, „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში 46, მთისა და სტიქიის სალიკვიდაციო ფონდებიდან კი თითო-თითო პროექტი ხორციელდება.

შეხვედრის მონაწილეები, ასევე გაეცნენ ჯანდაცვისა და სოციალური პროგრამების ფარგლებში მოსახლეობისათვის გაწეულ დახმარებას. აღინიშნა, რომ საანგარიშო პერიოდში 6 021-მა ბენეფიციარმა მიიღო სხვადასხვა სახის დახმარება და დაფინანსების ოდენობამ 1 293 357 ლარზე მეტი შეადგინა. „ახალციხის მუნიციპალიტეტის 2022 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის“ შესაბამისად მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ მოქალაქეებს ჯამში 28 სახის ქვეპროგრამით სარგებლობა შეუძლიათ. ხაზი გაესვა იმას, რომ მიმდინარე წლის სექტემბრიდან ახალციხის სკოლისგარეშე სახელოვნებო დაწესებულებებში-სამხატვრო და სამუსიკო სკოლებში სწავლა უფასო გახდა, რამაც მნიშვნელოვნად გაზარდა მოსწავლეთა რაოდენობა. მერმა, მიმდინარე წელს მუნიციპალიტეტის მერიის მიერ ორგანიზებული კულტურული და სპორტული ღონისძიებებიც შეაჯამა.

შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა, მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელმა დეპუტატების მიერ დასმულ შეკითხვებს უპასუხა, მათ მოსაზრებებს და წინადადებებს გაეცნო. საკრებულოს წევრების მხრიდან კი დადებითად შეფასდა წარმოდგენილი ანგარიში და მუნიციპალიტეტში როგორც მიმდინარე, ისე განხორციელებული ინფრასტრუქტურული სამუშაოები.

+11

 

გააზიარე