ქართული კუთხეების ფესტივალი 2024
„წისქვილი ჯგუფის“ ორგანიზებით, ქალაქ თბილისში, მეიდანზე „ქართული კუთხეების ფესტივალი 2024“ გაიმართა.
ფესტივალზე ახალციხის მუნიციპალიტეტიც იყო მიწვეული. წარმოდგენილი იყო ახალციხელი რეწვის ოსტატებისა და მხატვრების ნამუშევრების გამოფენა. საზეიმო კონცერტზე კი ადგილობრივმა ანსამბლებმა ქორეოგრაფიული და მუსიკალური ნომრები შეასრულეს და მაყურებლის დიდი მოწონება დაიმსახურეს.
ღონისძიების სტუმრებს საშუალება ჰქონდათ, ქართული მრავალხმიანი სიმღერისა და ცეკვების ფონზე, დაეგემოვნებინათ ავთენტური ქართული კერძები, ქართული ღვინო და ნაწარმი. გაიმართა დეგუსტაცია და ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა. სპეციალურად ბავშვებისთვის მოწყობილი იყო ფერადი და მხიარული საბავშვო ზონა.
ფესტივალმა იმერეთს, სამეგრელოს, სვანეთს, სამცხე-ჯავახეთს, გურიასა და რაჭას უმასპინძლა.
,,ქართული კუთხეების ფესტივალს“ “წისქვილი ჯგუფმა“ საფუძველი 2023 წელს ჩაუყარა, რომლის მთავარი იდეა, ქართული კუთხეების კულტურის, ფოლკლორის, ქორეოგრაფიის, ღვინის და გასტრონომიის უკეთ გაცნობა და პოპულარიზაციაა, როგორც ქართველი, ისე უცხოელი სტუმრებისთვის.