ცხელი ხაზი:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

გასვლითი სამუშაო შეხვედრა სომხეთის რესპუბლიკაში

19 May, 2022

17-19 მაისს, მეზობელი სომხეთის, ალავერდის მუნიციპალიტეტში, ავსტრიის განვითარების თანამშრომლობისა და ევროპის საბჭოს ერთობლივი ორგანიზებით, ევროპული ლიდერობის აკადემიის ტრენინგი გაიმართა, თემაზე - „საქართველოსა და სომხეთის სასაზღვრო მუნიციპალიტეტებს შორის თანამშრომლობისათვის“.

სემინარს ახალციხის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე რუბენ კარაპეტიანი და მერიის თანამშრომლები ესწრებოდნენ. რუბენ კარაპეტიანმა, თავის გამოსვლაში აუდიტორიის წინაშე ახალციხის მუნიციპალიტეტში არსებული მდგომარეობის, ტურისტული პოტენციალის, მერიის პროგრამების, მიმდინარე და დაგეგმილი პროექტების შესახებ პრეზენტაცია წარადგინა.

ტრენინგის მონაწილეებმა, მეზობელ მუნიციპალიტეტებს შორის არსებული ურთიერთობების გაღრმავებაზე და სასაზღვრო თანამშრომლობის წარმატებულ მაგალითებზე იმსჯელეს. შესაბამისი სფეროს ექსპერტებთან ერთად განიხილეს არსებული საჭიროებების გამოვლენისა და მათი გადაჭრის გზები. ტრენინგის ერთ-ერთი ძირითადი თემა იყო ასევე, სასაზღვრო თანამშრომლობის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავება.

შეხვედრას უძღვებოდნენ ევროპის საბჭოს კარგი მმართველობის ექსპერტიზის ცენტრის, ავსტრიის საელჩოს ტექნიკური თანამშრომლობის ოფისისა და სომხეთის რესპუბლიკის ტერიტორიული ადმინისტრაციისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს წარმომადგენლები. ღონისძიებას ონლაინ რეჟიმში დაესწრო საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე მზია გიორგობიანი.

ევროპული ლიდერობის აკადემიის ტრენინგ-სემინარში საქართველოს მხრიდან, სამცხე-ჯავახეთისა და ქვემო ქართლის მუნიციპალიტეტების, ხოლო სომხეთის მხრიდან შირაქის, ლორეს და ტავუშის პროვინციების მუნიციპალიტეტების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

გააზიარე