ცხელი ხაზი:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

ახლადარჩეული საკრებულოს პირველი სხდომა

3 დეკემბერი, 2021

ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოში, ცენტრალური საარჩევნო კომისიის განკარგულების საფუძველზე, ახალი მოწვევის საკრებულოს პირველი სხდომა გაიმართა.

საკრებულოს სხდომას ახალციხის მუნიციპალიტეტის მერი ირაკლი ლაზარაშვილი ესწრებოდა, რომელმაც დეპუტატებს წარმატებები უსურვა მომავალ საქმინობაში და აღნიშნა, რომ ერთობლივი მუშაობით მოსახლეობის საჭიროებებიდან გამომდინარე, მრავალი მნიშვნელოვანი და მასშტაბური პროექტის განხორციელება იქნება შესაძლებელი.

საკრებულოს წევრებს, ყოფილი თავმჯდომარე გელა ნოზაძე მიესალმა და ნაყოფიერი მუშაობა უსურვა.

სხდომა ახალციხის №37 საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ თეა გავაშელმა გახსნა. მან არჩევნების შედეგები შეაჯამა და ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს, 2021 წლის 2 ოქტომბრის არჩევნების ერთიანი ოქმი წარუდგინა, ასევე არჩევნების შედეგების დოკუმენტაცია გადასცა საკრებულოს უხუცეს წევრს.

დღის წესრიგის შესაბამისად, საკრებულოს სხდომას უხუცესი წევრი ზოია ბალიაშვილი წარუძღვა, აირჩიეს პირველი სხდომის დროებითი სამანდატო და ხმის დამთვლელი კომისიები, ცნეს საკრებულოსა და საკრებულოს წევრების უფლებამოსილება. სხდომაზე, ფარული კენჭისყრის შედეგად საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობაზე დავით ლომიძე, ხოლო საკრებულოს თავმჯდომარის პირველ მოადგილედ დავით ტაბატაძე, ასევე მოადგილეების თანამდებობებზე საბა კბილაშვილი და ამბარცუმ ბაბოიანი აირჩიეს.

2021 წლის 2 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგად ახალციხის მუნიციპალიტეტის მერი ირაკლი ლაზარაშვილი გახდა, ხოლო მუნიციპალიტეტის საკრებულო 39 დეპუტატისგან დაკომპლექტდა, მათ შორის „ქართულ ოცნებას“ -28 , „ნაციონალურ მოძრაობას“ - 8, პარტიას „საქართველოსთვის“ – 2 და „ევროპულ საქართველოს“ - 1 წევრი ჰყავს ახალი მოწვევის საკრებულოში.

გააზიარე