Hot line:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

კონკურენციის სააგენტო

საქართველოს კონკურენციის სააგენტოს სტატუსი და უფლებამოსილებები

საქართველოს კონკურენციის სააგენტო შექმნილია „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე და საქართველოს მთავრობის 2014 წლის 14 აპრილის №288 დადგენილებით დამტკიცებული დებულების შესაბამისად.

კონკურენციის სააგენტო წარმოადგენს დამოუკიდებელ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს, რომელიც ანგარიშვალდებულია საქართველოს პრემიერ მინისტრისა და საზოგადოების წინაშე.

სააგენტო პასუხისმგებელია „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის აღსრულებაზე, რომლის მიზანია საქართველოში ბაზრის ლიბერალიზაცია, თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის ხელშეწყობა.

კანონის მიზნებიდან გამომდინარე:

  • ბაზარზე უზრუნველყოფილი უნდა იყოს ეკონომიკური აგენტების თავისუფალი დაშვებისათვის სათანადო პირობები, გამოვლენილ და აღმოფხვრილ იქნას ბაზარზე შესვლის ადმინისტრაციული, სამართლებრივი და დისკრიმინაციული ბარიერები;
  • დაცული უნდა იყოს ეკონომიკური აგენტების საქმიანობაში თანასწორუფლებიანობის პრინციპი და მიღწეულ იქნეს კონკურენციის არამართლზომიერი შეზღუდვის დაუშვებლობა;
  • უზრუნველყოფილი უნდა იყოს უფლებამოსილი ორგანოს მიერ გადაწყვეტილების მიღებისას საჯაროობის, ობიექტურობის, არადისკრიმინაციულობისა და გამჭვირვალობის პრინციპების დაცვა.

კანონის აღსრულების მიზნით, სააგენტო ახორციელებს შემდეგ უფლებამოსილებებს:

  • დომინირებული მდგომარეობის ბოროტად გამოყენების შემთხვევების გამოვლენა და კანონით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, შესაბამისი რეაგირების განხორციელება;
  • ეკონომიკურ აგენტებს შორის კონკურენციის საწინააღმდეგო შეთანხმებების გამოვლენა და კანონით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, მათზე შესაბამისი რეაგირება;
  • დაგეგმილი კონცენტრაციების კონკურენტულ გარემოსთან შესაბამისობის შეფასება და გადაწყვეტილების მიღება კონცენტრაციის დასაშვებობის ან დაუშვებლობის თაობაზე;
  • ეკონომიკური აგენტების არაკეთილსინდისიერი კონკურენციის ფაქტების გამოვლენა და შესაბამისი რეაგირება;
  • სახელმწიფო ხელისუფლების, ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მიერ განხორციელებული ქმედებების კონკურენციის კანონმდებლობასთან შესაბამისობის შესწავლა;
  • სახელმწიფო დახმარებების კონკურენციის კანონმდებლობასთან თავსებადობის კონტროლი;
  • კონკურენციის შეზღუდვისა და არაკეთილსინდისიერი კონკურენციის ფაქტების გამოსავლენად სასაქონლო და მომსახურების ბაზრების მონიტორინგი და ანალიზი.

 

 

საკონტაქტო ინფორმაცია:

ტელ: (032) 2 440 770 (EXT 21-74)

ელ-ფოსტა:  info-gca@competition.ge

მისამართი: ქ. თბილისი, დ.აღმაშენებლის გამზირი N154

 

ვებ-გვერდი:http://competition.ge

Share page