ცხელი ხაზი:0 (365) 22 36 16 ან 0 (365) 22 08 08

ზეიმი ქალაქ ახალციხის №1 საბავშვო ბაგა-ბაღში

27 ივნისი, 2019

დღეიდან, ქალაქ ახალციხის №1 საბავშვო ბაგა-ბაღის აღსაზრდელები კეთილმოწყობილ გარემოში შეძლებენ თამაშს და გართობას. საზეიმო ლენტის გაჭრით აღინიშნა ეზოს კეთილმოწყობის სამუშაოების დასრულება. პროექტის ფარგლებში მოწესრიგდა ეზო, მოეწყო ახალი ღობე და შესასვლელი კარი. საზეიმო ლენტა ახალციხის მუნიციპალიტეტის მერმა ზაზა მელიქიძემ და სამხარეო ადმინისტრაციის რეგიონული პროექტების კოორდინირების სამსახურის უფროსმა მარინა გაჩეჩილაძემ გაჭრეს. ცერემონიალის დასრულების შემდეგ კი სტუმრები სასკოლო მზაობის ჯგუფის გამოსაშვებ ღონისძიებასაც დაესწრნენ. 

დღევანდელი ფერადი და ულამაზესი სანახაობით კიდევ ერთი ჯგუფი დაემშვიდობა საბავშვო ბაღის კედლებს. ღონისძიებაზე, სახელწოდებით „ჩვენი ბედნიერი ბავშვობა“, ბაღის აღსაზრდელები, პედაგოგები და მშობლები საინტერესო და მრავალფეროვანი პროგრამით წარსდგნენ. 

პატარებს ბაღის დასრულება და ახალ სამყაროში შესვლა მიულოცეს მუნიციპალიტეტის მერმა ზაზა მელიქიძემ, საკრებულოს თავმჯდომარემ გელა ნოზაძემ, სამხარეო ადმინისტრაციის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა ეკატერინე ორჯონიკიძემ, სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების ხელმძღვანელმა მარინა მერაბიშვილმა, საბავშვო ბაგა-ბაღის დირექტორმა ციცი საანიშვილმა და სხვებმა. 

თავის მხრივ, მრავალფეროვანი სასწავლო პროგრამებისა და პატარების მიმართ გამოჩენილი მზრუნველობისათვის მუნიციპალიტეტის მერიას, ბაღის პედაგოგებსა და ადმინისტრაციას მადლობა გადაუხადეს მშობლებმა. ახალი სასწავლო წლიდან, ქალაქ ახალციხის №1 საბავშვო ბაგა-ბაღიდან 95 აღსაზრდელი სწავლას სკოლაში გააგრძელებს.

გააზიარე