ცხელი ხაზი:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

სოფელ ივლიტაში გმირები გაიხსენეს

31 May, 2019

„დიდება გმირებს“ - ამ სახელწოდებით ივლიტის კულტურის ცენტრში, საქართველოს უახლეს ისტორიაში ქვეყნისათვის თავდადებულ გმირებს ღონისძიება მიეძღვნა. 

მოწვეულ სტუმრებს ღონისძიების მონაწილეებმა საქართველოს ეროვნული გმირების ჟიული შარტავას, ზვიად გამსახურდიასა და გიორგი ანწუხელიძის, ასევე აგვისტოს ომის გმირების ალექსანდრე ზაზაშვილის, რომან ზოიძის, ზაზა ახალკაცის, ბესიკ ნინიაშვილის, ბესიკ კაპანაძის, დევი ჩადუნელის, ოკუპირებულ ტერიტორიებზე მუხანათურად მოკლული გიგა ოთხოზორიასა და არჩილ ტატუნაშვილის შესახებ მოუთხრეს და მათი გმირობის ისტორიები გაიხსენეს. მოსწავლეებმა პატრიოტულ თემაზე ლექსები წაიკითხეს, შეასრულეს სიმღერები და საგალობლები. 

ღონისძიების საპატიო სტუმრებს შორის იყვნენ აგვისტოს ომში დაღუპული მეომრების დევი ჩადუნელის, ალექსანდრე ზაზაშვილის, ბესიკ ნინიაშვილის და ბოლო დროის ქართველი გმირის არჩილ ტატუნაშვილის დედები და ოჯახის წევრები, რომლებმაც საღამოს ორგანიზატორებს მათი შვილების, ძმებისა და მეუღლეების გასხენებისთვის მადლობა გადაუხადეს. სიმბოლურია, რომ ღონისძიება არჩილ ტატუნაშვილის დედულეთში გაიმართა, რომელსაც უკვე ტრადიციის სახე აქვს, ანალოგიური საღამო აქ გასულ წელსაც მოეწყო, არჩილ ტატუნაშვილის დედა რუსუდან ბაღდოშვილი წარმოშობით სწორედ სოფელ ივლიტიდანაა.

ღონისძიება დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში, ა(ა)იპ კულტურის გაერთიანებათა დაწესებულებისა და სოფელ ივლიტის კულტურის ცენტრის ერთობლივი ორგანიზებით ჩატარდა, რომელსაც სამხარეო ადმინისტრაციისა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები, სასულიერო პირები და სოფელ ივლიტის მაცხოვრებლები ესწრებოდნენ. 

ღონისძიების დასასრულს ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ გელა ნოზაძემ შეკრებილებს ადგილობრივი ხელისუფლების გადაწყვეტილება გააცნო, რომლის თანახმადაც მიმდინარე წელს სოფელ ივლიტაში სტადიონს რეაბილიტაცია ჩაუტარდება და მას არჩილ ტატუნაშვილის სახელი მიენიჭება, აღნიშნულთან დაკავშირებით შესაბამისი პროცედურები უკვე დაწყებულია.

გააზიარე