ცხელი ხაზი:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

მერიაში კეთილსინდისიერებისა და გამჭვირვალობის სტრატეგია განიხილეს

15 May, 2019

დღეს, ახალციხის მერიაში, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) მიერ შემუშავებული დოკუმენტი - „ ახალციხის მერიის კეთილსინდისიერებისა და გამჭვირვალობის სტრატეგია 2019-2020 წლებში“ განიხილეს. პროექტი USAID-ის დემოკრატიული მმართველობის ინიციატივის (GGI) ფინანსური მხარდაჭერით მომზადდა და მისი მიზანია ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის საქმიანობის გამჭვირვალობის, საჯაროობისა და და ანგარიშვალდებულების გაზრდა.

დოკუმენტში ასახული რეკომენდაციების შესახებ დეტალურად ისაუბრეს ინფორმაციის განვითარების თავისუფლების ინსტიტუტის (IDFI) პროგრამების დირექტორმა ლევან ავალიშვილმა, ანალიტიკოსმა სანდრო ქევხიშვილმა და USAID-ის დემოკრატიული მმართველობის ინიციატივის (GGI) სახელმწიფო მართვის პროგრამის მენეჯერმა მიხეილ დარჩიაშვილმა. შეხვედრას ახალცხიცის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე გურამ მელიქიძე და მერიის სტრუქტურული ერთეულების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. 

სტრატეგია წარმოადგენს სახელმძღვანელოს ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის კეთილსინდისიერებისა და გამჭვირვალობის პროცესის განმტკიცებლად. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ახალციხის მუნიციპალიტეტი არის ერთ-ერთი პირველი ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო, რომელმაც გამჭვირვალობისა და კეთილსინდისიერების ამაღლების ინდივიდუალური მექანიზმი შექმნა. საზოგადოების ჩართულობამ უზრუნველყო განსხვავებული ხედვებისა და მოსაზრებების გათვალისწინება მუნიციპალიტეტის საქმიანობის პროცესში. პროექტის ავტორები ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის წარმატებულ პრაქტიკაზე ამახვილებენ ყურადღებას და გარკვეულ რეკომენდაციებს სთავაზობენ ინფორმაციის პროაქტიური გამოქვეყნებისა და ჯერ კიდევ არსებული გამოწვევების მოგვარების მიმართულებით. 

აღნიშნული წარმატებული პრაქტიკის გათვალისწინებით, ახალციხის მუნიციპალიტეტი მომავალშიც გააგრძელებს კეთილსინდისიერებისა და ანგარიშვალდებულების ამაღლების სტრატეგიის განხორციელების პროცესში, სამოქალაქო საზოგადოებასთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან აქტიურ თანამშრომლობას.

გააზიარე