ცხელი ხაზი:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

ევროპის დღეების ფარგლებში საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

13 May, 2019

დღეს, ახალციხის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობაში, „ევროპის დღეები 2019“-ის ფარგლებში საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრაზე ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის სამცხე-ჯავახეთის ბიუროს წარმომადგენელმა თეონა ზურაბაშვილმა და საინფორმაციო ცენტრის მიერ მოწვეულმა ექსპერტმა ეკატერინე ქარდავამ ევროკავშირის ისტორიაზე, ევროპულ ღირებულებებზე, საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის ძირითად ასპექტებზე, ამ მიმართულებით არსებულ მიღწევებზე და გამოწვევებზე ისაუბრეს. ასევე, საუბარი შეეხო ქვეყნის ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესების შესახებ რეგიონებში ეფექტიანი კომუნიკაციისთვის მიმდინარე პროექტის შედეგებსა და მნიშვნელობას. 

პროექტი საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტისა და საქართველოში აშშ-ს საელჩოს მხარდაჭერით ხორციელდება.

სსიპ „საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ“ საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით, 2019 წლის მაისში უკვე მეშვიდედ ახორციელებს ევროპის დღეებს, რომლის მიზანიც არის საქართველოს მოქალაქეების ინფორმირება ევროკავშირისა და მისი ინსტიტუტების, საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პროცესისა და აღნიშნულ პროცესში მოსახლეობის ჩართულობის მაქსიმალური ხელშეწყობის შესახებ.
ევროპის დღეების ფარგლებში, ასევე, დაგეგმილია კულტურულ-შემეცნებითი ღონისძიებები სამცხე-ჯავახეთის სხვა მუნიციპალიტეტებშიც.

შეხვედრას ახალციხის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე გურამ მელიქიძე და საკრებულოს თავმჯდომარე გელა ნოზაძე, ადგილობრივი თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლებთან ერთად ესწრებოდნენ.

გააზიარე