ცხელი ხაზი:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი ახალციხეში

12 აგვისტო, 2019

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა ერიკ ჰოგმა და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, ევროინტეგრაციის დეპარტამენტის დირექტორმა არჩილ ყარაულაშვილმა, ახალციხეში, სამხარეო ადმინისტრაციის, ადგილობრივი თვითმმართველობის, სახალხო დამცველის აპარატის, არასამთავრობო სექტორისა და ახალგაზრდული ჯგუფების წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართეს. 
ერიკ ჰოგი შეხვედრის მონაწილეებს საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის საქმიანობის შესახებ ესაუბრა. ძირითადი აქცენტები გაკეთდა მისიის როლის, მისი მანდატის განხორციელების გზების, არსებული გამოწვევებისა და მიღწევების შესახებ. ასევე, დეტალურად ისაუბრეს 2008 წლის აგვისტოში განვითარებულ მოვლენებზე და ევროკავშირის მნიშვნელოვან წვლილზე ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებასა და კონფლიქტის დარეგულირებაში. მისიის ხელმძღვანელმა ხაზი გაუსვა გალსა და ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში ჩატარებული მუშაობის მნიშვნელობასაც. ნახსენები იყო ცხელი ხაზი, როგორც მისიის მიერ შემუშავებული ერთ-ერთი წარმატებული მექანიზმი. 
ლექცია, კითხვა-პასუხების რეჟიმში გაგრძელდა, შეხვედრის მონაწილეები დაინტერესდნენ საქართველოში კონფლიქტების მართვასთან დაკავშირებით არსებულ გამოწვევებზე მისიის ხედვებითა და მათი სამომავლო გეგმებით. 
შეხვედრა „ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის" ორგანიზებით გაიმართა.

\

გააზიარე