ცხელი ხაზი:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

წარჩინებული მოსწავლეები ოქროსა და ვერცხლის მედლებით დაჯილდოვდნენ

3 May, 2019

დღეს, ახალციხეში 2017-18 სასწავლო წლის წარჩინებულ კურსდამთავრებულებს ოქროსა და ვერცხლის მედლები გადაეცათ. 

“განსაკუთრებით ნიჭიერი ბავშვებისა და ახალგაზრდების მხარდაჭერის პროგრამის” ფარგლებში, ახალციხის მუნიციპალიტეტის კერძო და საჯარო სკოლების 69 წარჩინებული მოსწავლე, 50 ოქროსა და 19 ვერცხლის მედლით დაჯილდოვდა.

საზეიმო ღონისძიებას სამხარეო ადმინისტრაციის, ადგილობრივი თვითმმართველობისა და რესურსცენტრის წარმომადგენლები, საჯარო სკოლების დირექტორები, პედაგოგები, წარჩინებული კურსდამთავრებულები და მათი მშობლები ესწრებოდნენ.

წარჩინებულ ახალგაზრდებს მედლები და სერთიფიკატები გადასცეს, ახალციხის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ გურამ მელიქიძემ, სამხარეო ადმინისტრაციის ადგილობრივი თვითმმართველობის სამსახურის ხელმძღვანელმა ეკატერინე ორჯონიკიძემ, ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ გელა ნოზაძემ და კულტურის სამსახურის ხელმძღვანელმა ზაზა თამარაშვილმა.

მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლების მიზნით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო წარჩინებულ კურსდამთავრებულთა ოქროსა და ვერცხლის მედლებით დაჯილდოების პროგრამას ახორციელებს. ახალციხის რესურსცენტრის ხელმძღვანელის ხათუნა ხმალაძის განცხადებით, პროგრამის მიზანია მოსწავლეთა აკადემიური მოსწრების წახალისება და წარჩინებულ მოსწავლეთა წარმოჩენა.

გააზიარე